Friday, January 11, 2013

თ ბ ი ლ ი ს ი

  ამ ქალაქში წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთს ერწყმის... ესაა ქალაქი, რომელსაც უდიდესი ისტორია გააჩნია. 



  ლეგენდის თანახმად ოდესღაც ქალაქის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული. მეფე ვახტანგ გორგასალს აქ ნადირობისას აღმოუჩენია ცხელი სამკურნალო თვისებების მქონე წყალი. მეფეს ძალიან მოსწონებია ადგილი, მისი ბრძანებით ტყე გაუკაფავთ და ქალაქი გაუშენებიათ სახელად კი თბილისი დაურქმევია. „თბილისი“ - 

თბილი“ (ძველ ქართულად “ტფილი“) ჯერ კიდევ ძვ.წ. ათასწლეულში ქალაქის ტერიტორია დასახლებული ყოფილა. საუკუნეების მანძილზე თბილისი წარმოადგენდა სხვადასხვა სახელმწიფოებისა და ხალხების ინტერესის სფეროს. რა იყო ამ ქალაქში ასეთი ორიგინალური და უნიკალური რითაც იპყრობდა და იზიდავდა ის ამ ხალხს?
  აქ ყველაფერია, რაც შეაგრძნობინებს ადამიანს რომ თბილისი უდიდესი კულტურის მქონე ქვეყნის დედაქალაქია. ლამაზი და თვალწარმტაცი, დაუვიწყარი და მიმზიდველია ის წელიწადის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ლამაზია შემოდგომის ნისლში ჩაძირული, ოქროსფერი თბილისი. თითქოს რაღაც ჯადოსნური და ზღაპრული დევს მასში... არა ერთი ქართველი თუ უცხოელი შემოქმედის შთაგონების წყარო გამხდარა თბილისი, შეუძლებელია ჩამოხვიდე ქალაქში და გულში არ ჩაგივარდეს მისი უძველესი ქუჩები, ეკლესიები, ულამაზესი ბაღები...
აქაა ყველაზე წმინდა მთა - მთაწმინდა, რომელიც ამაყად გადმოჰყურებს თავის ქალაქს. ამ ქალაქში შეხვდებით მართმადიდებლურ, კატოლიკურ, სომხურ ეკლესიებს, სინაგოგებსა თუ მეჩეთებს. სწორედ მართმადიდებლურ ეკლესიებში ინახება უამრავი ქრისტიანული სიწმინდე: წმინდა ნინოს ჯვარი, ურწმუნო თომას ქალა და სხვა ... ამ ქალაქში ქრისტიანობისთვის ეწამა ასი ათასი ქართველი მოწამე, შუშანიკ დედოფალი, აბო თბილელი... ცერზე შემდგარი მიმინოსავით გადმოჰყურებს ქალაქს სამების საკათედრო ტაძარი, თავისი სიდიდითა და სილამაზით ის გულგრილს არავის არ ტოვებს. იქვე მთის ქიმზე კი „სდგას ნარიყალა შვებით მზირალი“. მეტეხის ტაძარი, სიონი და ანჩისხატი უძველესი ისტორიის მატარებელი ეკლესიებია.
  ქალაქის მთავარი არტერიას რუსთაველის პროსპექტია. ესაა ადგილი, სადაც ქუჩები მუდამ გადაჭედილია ტრანსპორტით, სადაც სიცოცხლე ჩქეფს. უამრავმა დაწესებულებამ, ცნობილი ბრენდების მაღაზიებმა თუ სასტუმროებმა მოიყარა აქ თავი და მუდამ ხმაურია. განსაკუთრებით სასინტერესოა ძველი თბილისის ქუჩებში სეირნობა, ძველებური სახლები, ქვაფენილით მოკირწლულუ ქუჩები, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილა ძველი სახელოსნოები, საცხობები, სადღაც რომელიღაც ეზოში მაცხოვრებლებიკამათელს აგორებენ, სადღაც კი მაყალზე მწვადს წვავენ და შარაფობენ, სადღაც კი ქუჩის რომელიღაც კუთხეში შენ გესალმება თბილისური დუქანი და მაშინვე გაგონდება რომ ოდესღაც დიდი ფიროსმანი სწორედ ასეთი დუქნებისათვის ქმნიდა თავის ფასდაუდებელ ტილოებს, ქსოვრელები კი აქ დაგატკბობენ საოცარი ჰანგებით.
  ძველ თბილისში მდებარეობს ცნობილი შარდენის ქუჩა, სადაც მრავლადაა სხვადასხვა კაფეები, ბარები და მაღაზიები.
  

დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია საქართველოს ყველა კუთხის საცხოვრებელი სახლის ნიმუში. 
  ყველას უყვარს თავისი ქვეყნის დედაქალაქი, მაგრამ ამ ქალაქის მაცხოვრებლებს განსაკუთრებით და ალბათ ამიტომაცაა რომ თბილისი განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. თბილისში ერთი დღის გატარებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ მან ადამიანს სამუდამოდ შეაყვაროს თავი და დარჩეს მის მეხსიერებაში .

წყარო

Wednesday, January 9, 2013

ს ვ ა ნ ე თ ი

                                                                                                  


       სვანეთის რაიონი ერთ-ერთი უდიდესი და უმძლავრესი სამთო გაერთიანებაა -კავკასიაში. სვანეთს უჭირავს ცენტრალური კავკასიის მთების სამხრეთი ფერდობი. მაცხოვრებლები - 20 000-მდე. ეთნიკური ქართველები – სვანები შეადგენენ 90% მოსახლეობის. ტრადიციული ეკონომიკური საქმიანობა მეცხოველეობა, მცირე მესაკუთრული სასოფლო - სამეურნეო საწარმოები. ძირითადი პროდუქტები – რძე, ყველი, ხორცი, რძის პროდუქტები. რეგიონს აქვს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი. მთავარი ტურისტული მიმართულება: კულტურული მემკვიდრეობა და ალპური ბუნება (სვანეთი არის უნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის მხარე). ტრადიციული ტურისტული მემკვიდრეობა: ალპინიზმი, მთასვლელობა, ლაშქრობა (6 პიკი 5000-ის სიმაღლეზე ზღვის დონიდან), ეთნოგრაფიული ექსკურსიები, კულტურული მემკვიდრეობათა ნაკვალები.
                             
   დღესაც კი სვანეთი იზიდავს ბევრ მოგზაურს, როგორც კოშკებისა და ოქროს ვერძის მიწა.განთავსების საშუალებათა განსაზღვრული რაოდენობა უზრუნველყოფილია იქაური მაცხოვრებლებით. სასტუმრო სახლები სოფელ უშგულში, მესტიაში, ჯაბეშში. მაზერში და სხვ. ძირითადი მომსახურე პერსონალი დაკომპლექტებულია იქაური მაცხოვრებლებით. სვანეთში არის როგორც სასტუმრო სახლები ასევე ,  უბრალო ორადგილიანი ოთახები, სადაც გათვალისწინებულია კვებით მომსახურებაც . სასტუმრო სახლებს აქვთ ცხელი წყალი, შხაპი და პერსონალური საპირფარეშოები.
   სვანეთში დღემდე შემონახულია  უნიკალური არქიტექტურული და ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა, ტრადიციული დღესასწაულები. ლანდშაფტი, მთის მწვერვალები (5150 მ-ის სიმაღლეზე) და მყინვარწვერები იპყრობენ  მთასვლელებისა და მოგზაურთა ყურადღებას.
   სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია მსოფლიო ტურიზმში ცნობადი სახის შესაქმნელად. ამ მხარის კოლორიტი ხიბლავს ქართველსაც და უცხოელსაც. უძველესი კოშკები და ბუმბერაზი მთები პირველივე წუთიდან ატყვევევბს მნახველს.
   ამ მხარის ტურისტული პოტენციალი საკმაოდ მრავალფეროვანია – გარდა მხარის დათვალიერებისა, სვანეთს შეუძლია მრავალ  მხრივ გააცვიფროს ტურისტი.        
   სვანეთი მდიდარია შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრული ძეგლებით, საცხოვრებელი კომპლექსებით, კოშკებით (რომლებიც თარიღდება XII ს-იდან ზემოთ), სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებით, ორიგინალური ჩუქურთმებით შემკული ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით.

   მხარე მდიდარია არქეოლოგიური მასალითა და შუასაუკუნეების ხალხური შემოქმედების ექსპონატებით.
   სვანეთის სალოცავები თავისი ძველი ტრადიციებითა და უნიკალური მხატვრობით გამოირჩევა. ისინი არამხოლოდ მხატვრობით, არამედ ადგილობრივი თავისებური არქიტექტურული ნიშნებითაც გამოირჩევიან. აქ დაცული სიწმინდეები მიიზიდავს მრავალ მლოცველს შესაბამისი რელიგიური დღესასწაულისას.
   ისტორიული ძეგლების გაცნობა ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა სვანეთში.
   სვანეთის რეგიონი იდეალური ადგილია ჯიპ ტურებისათვის, რომლის დროსაც ტურისტს ეძლევა საშუალება ეზიაროს სვანეთის ბუნების სილამაზეს.

წყარო

Tuesday, January 8, 2013

რ ა ჭ ა



    
   რაჭა მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. რაჭას ოთხივე მხრიდან მაღალი მთები აკრავს: ჩრდიოლეთით კავკასიონის ქედი, აღმოსავლეთით - ლიხის მთა, სამხრეთით - ნაქერალას მთა და დასავლეთით - სვანეთის მთები.
ვახუშტი ბატინოშვილის გადმოცემით, ამ ადგილს რაჭა შემდეგი შემთხვევის გამო დარქმევია: ერთ ქართველ მონადირეს, რომელიც აქ პირველად დასახლებულა, ნაქერალადან გადმოუხედავს, განცვიფრებულა რიონის ვიწრო და ღრმა ხეობით, იგი ჭისათვის მიუმსგავსებია და წამოუძახია"ეს რა ჭა ყოფილაო!" ამის შემდეგ ამ მხარეს რაჭა დარქმევია.
   თავიდან რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომელიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. X ს. ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომელიც XIII ს-დან იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა იყოფა მთის რაჭად, ზემო და ქვემო რაჭად.
   საქართველოს სამი ულამაზესი კუთხე – რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი ჩვენი ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე მდებარეობს. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში შედის ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტები.
   რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთი (ჩრდ. ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი), საქართველოში კი მესტიის რაიონი; დასავლეთით – სამეგრელოს მუნიციპალიტეტები; სამხრეთით იმერეთის მუნიციპალიტეტები, ასევე მხარის მოსაზღვრეა ამჟამად სამაჩაბლოში (ე. წ. სამხრეთ ოსეთი) შემავალი ჯავის მუნიციპალიტეტი. მხარის ტერიტორია 4601,3 კვ. კმ-ს მოიცავს, მისი მდებარეობა ზღვის დონიდან 400 მეტრსა და 5000 მეტრს შორის მერყეობს. აქ, ძირითადად, ქართველები სახლობენ, მათი საერთო რაოდენობა 49 000 კაცს აღწევს.
   რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმყოფადობას და უნიკალურობას არა მხოლოდ მისი გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ მდიდარი, მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა განსაზღვრავს. თვითმხილველთა უზომო აღტაცებას იწვევს მხარის მთიანეთი, კავკასიონის ჭაღარა მწვერვალები და მთაგრეხილები, მდინარეები და ჩანჩქერები, მრავალრიცხოვანი ტყის მასივები და მათში გავრცელებული ცხოველ - ფრინველები, ბუნებრივი გამოქვაბულები და მღვიმეები, უღელტეხილები, ალპური სათიბ - საძოვრები, ულამაზესი გზა - ბილიკები, შაორისა და ლაჯანის წყალსაცავები, სვანური მურყვამები (კოშკები) და სხვა სანახაობანი. განუმეორებელ ეფექტს ახდენს ეთნიკურად ადგილობრივი წარმოშობის მოსახლეთა გაცნობა და მათთან ურთიერთობა. უმდიდრესია მათი ისტორიული წარსული, ყოფა, კულტურა, ფოლკლორი, რის შესახებაც ჯერ კიდევ ძველი ბერძენი, რომაელი, სპარსი, თურქი და ევროპელი მკვლევარ - მოგზაურნი წერდნენ.
საქვეყნოდაა განთქმული აქაური სამკურნალო მინერალური წყლები და კურორტები – შოვი, უწერა, ლაშიჭალა, ქვეშვაკე, მუაში, სორტუანი, ბუგეული, ხიდიკარი, სადაც მათივე სახელობის 25-ზე მეტი სამკურნალო - მინერალური და გოგირდოვანი წყალი მოიპოვება. განსაკუთრებული ლანდშაფტით გამოირჩევა საკურორტო ადგილები – ხიდიკარი, წესიგორა, ურავი, ბარი, სხეფური, ქვედის ტბა და სხვა.
   ამ მხარეში უამრავი საინტერესო, უნიკალური ისტორიულ - ეთნოგრაფიული, არქეოლოგიურ - არქიტექტურული ძეგლია. მათ შორის აღსანიშნავია ნიკორწმინდა, ბარაკონი, ხონჭიორი, მრავალძალი, პატარა ონი, ღები, კვირიკეწმინდა, ლაილაში, ჩაჟაშის კომპლექსი, მინდა - ციხე, კვარაციხე, ციხეთა კომპლექსი - “დახვდი”, “დაჰკარი” და “არ გაუშვა”, ონის საუკუნოვანი სინაგოგა, VII საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის და თეოლოგის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და მონასტერი ცაგერის მუნიციპალიტეტში და ა. შ.  
   საქართველოს ისტორიული და კულტურული წარსული რომ ვაზთან, ვენახთანაა დაკავშირებული, მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ყოველივე ამას უმალ იგრძნობს ადამიანი, როდესაც თუნდაც ერთხელ ეწვევა საქართველოს ამ ლამაზ კუთხეებს და იქაურ ღვინოებს - “ხვანჭკარას”, “ალექსანდრეულს”, “ოჯალეშს” ან “თეთრას” დააგემოვნებს. საქართველოში გავრცელებული ვაზის 600 ჯიშთაგან, ამ მხარეში 300- მდე სახეობის ყურძენი მოჰყავთ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ღვინო “ხვანჭკარა”, რომელსაც ადრე რაჭის ამავე სახელწოდების სოფელში, ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ყურძნის ჯიშისაგან ამზადებდნენ.
   ისტორიულ - ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან განსაკუთრებულ ყურადღებს იმსახურებს XI საუკუნის ნიკორწმინდისა და XVIII საუკუნის ბარაკონის ტაძრები. ცნობილი შაორის წყალსაცავი, - რაც შესანიშნავ პირობებს ქმნის ტურისტის მოსაზიდად.

თ უ შ ე თ ი

   თუშეთში რომ მოხვდე, საქართველოს ერთერთი ყველაზე მაღალი გზა (2917მ) უნდა გადაკვეთო "აბანოს" უღელტეხილზე. თუშეთი მდებარეობს საქართველოს მარჯვენა კუთხის მაღლობზე, ზღვის დონიდან 1650-4493 მ. მისი სოფლები განლაგებულია 1900მ-დან 2400მ-მდე. იგი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და გვერდით ქედს შორის მდებარე ქვაბულშია მოქცეული. თუშეთის ქედის (ჩრდილოეთით) უმაღლესი მწვერვალია ტებულო (4493 მ.), ხოლო მთავარი წყალგამყოფი ქედის მწვერვალებიდან აღსანიშნავია შავი კლდე (3574 მ.), დიდგვერდი (3334 მ.), პატარა ბორბალო (3180 მ.). აქ გვხვდება ომალო-დიკლოს ვაკე, ცოკალთა-ქუმელაურთის ვაკე და სხვა პატარა ვაკეები. თუშეთის ჰავა კონტინენტურია, აქ ძირითადად სუსტი ქარი და წყნარი დღეები იცის.


   თუშეთს აღმოსავლეთით საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით - კახეთი. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.
   თუშეთი მოთავსებულია გომეწრის ალაზნის და პირიქითის ალაზნის ხეობებში და მოიცავს ოთხ ხევს (ბირიკვი, დართლო, ფარსმა, გირიკი), სადაც მოსახლეობა რამდენიმე საუკუნეა ცხოვრობს. ზოგიერთი სოფელი აქ უკვე მიტოვებულია და მხოლოდ მთამსვლელთათვის განსაზღვრული ფუნქციები აქვს. ზამთარში თუშები საცხოვრებლად ბარში – ალვანში ჩამოდიან, თუმცა თითოოროლა მობინადრე არც ზამთარის სიცივეში ტოვებს მთას. თუშეთში ორი მდინარეა - გომეწრის ალაზანი, და პირიქითა ალაზანი. აქ უამრავი პატარა ტბა გვხვდება. სუბალპურ ზონაში მყინვარული წარმოშობის ტბებია, ხოლო კალოანის ხევში მდებარე ტბა მთელი წლის განმავლობაში გაყინულია. თუშეთში ბევრია მინერალური წყალი. თუშეთი გამორჩეული ულამაზესი ალპური მდელოებით და ტყეებით. მისი ტყეების დიდი ნაწილი პირველქმნილია და ძირითადად წარმოდგენილია ფიჭვნარით.ტყეების ფართობი 32000 ჰა-ს შეადგენს. მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო.
   თუშეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის მიხედვით, აქ ადამიანი გვიან ბრინჯაოს ხანაში დასახლებულა. ქართულ საისტორიო წყაროებში კი საკმაოდ მწირი ცნობები მოიპოვება თუშეთის შესახებ.
საქართველოს ეს უნიკალური მხარე უძველესი კულტურის ნაშთებს ინახავს. თუშური კოშკები – ქვის ეს დრეკადი ნაგებობები თუშთა თავშესაფარს და ასევე სათვალთვალოს წარმოადგენდა ჩეჩნებისა და დაღესტნების თავდასხმებისგან თავის დასაღწევად. ამ კოშკებში აღმოჩენილი თუჯის ცხოველების ფიგურები IV-V საუკუნეებით თარიღდება. თუშეთში რომ კულტურა და არქიტექტურა უძველეს დროშივე იყო განვითარებული, ამაზე მეტყველებენ ასევე ფუტკრის სკის სტილის ნაგებობები.
   თუშეთი განთქმულია თავისი მეცხვარეობით. აქაური ცხვრის ყველი საუკეთესოა მთელს საქართველოში. აქ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ძველი ტრადიციები.
   თუშები ღვთისმოსავი ხალხია, თუმცა მათი უმრავლესობა ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემელია. სოფლებში - დართლოსა და შენახოში შემორჩენილია უძველესი დროის სალოცავები. შენახოს სალოცავში შესვლა ეკრძალებათ ქალებს. აქაური ხატი ქვების პატარა შეკვრაა, რომელსაც ცხოველების რქებითა და სანთლებით ამკობენ. თუშეთში წმინდა გიორგის რამდენიმე სალოცავია. "შავი" გიორგის წმინდა სალოცავს ლაშარი ეწოდება. მის სახელთანაა დაკავშირებული თუშების დღესასწაული ლაშარობა, რომელიც აღდგომიდან დაახლოებით ასი დღის შემდეგ იმართება შენახოსა და ჩიროში.Aხატობის ამგვარი დღესასწაულები აქაური რელიგიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც თან ახლავს შაირობა.     
                                                
წყარო

Friday, January 4, 2013

ბ ა თ უ მ ი

   ბათუმში, ამ ზღაპრულად ლამაზ ქალაქში ძალიან უყვართ მზის ჩასვლის ყურება. ესაა ქალაქი სადაც ერთმანეთს ერწყმის თანამედროვე და უძველესი არქიტექტურა.
   ქალაქი გაჟღენთილია ცხელი და ამაღელვებელი სულისკვეთებით. აქ არ შეიძლება იყოს მოსაწყენი განწყობა, თუნდაც ცუდი ამინდის დროს. ქალაქი სავსეა საინტერესო და ღირსშესანიშნავი ადგილებით. პირველი ინფორმაცია ქალაქის შესახებ გვხდება არისტოტელეს წყაროებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
   ბოლო პერიოდში ბათუმი სულ უფრო და უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება ტურისტებისთვის.
ინფრასტრუქტურა ქალაქში ვითარდება სწრაფად. აქ აშენდა და შენდება ცნობილი ბრენდების სასტუმროები: 
შერატონი, რედისონი, ტრამპლ ტაუერი ა.შ.
აქ მრავლადაა ისტორიული და თანამედროვე ხელოვნების შედევრები და ღირშესანიშნაობები.
ბათუმში მდებარეობს ისტორიული გონიოს ციხე, რომელიც დაარსდა II- I საუკუნეებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. მისი რეკონსტრუქცია კი ჩატარდა მე -16 საუკუნეში. ციხის კედლების სიგრძე არის 900 მეტრი. 
   ქუჩებში სეირნობისას თქვენ შეგხვდებათ საქართველოს მართლმადიდებლური, სომხური და კათოლიკური ეკლესიები და ებრაული სინაგოგები და მეჩეთები. მომღერალი ფანტანები, უმაგრესი ღამის კლუბები, დელფინარიუმი, საბავშვო ატრაქციონები, ლამაზი ბულვარი ხდის ქალაქს დაუვიწყარს.
   ეს არის ორიგინალური ქანდაკებების ქალაქი: სიყვარულის ძეგლი - ალი და ნინო ერწყმის ერთმანეთს ყოველ 10 წუთში. კოლხი მედეას ქანდაკება ახსენებს ქალაქის დამთვალიერებლებს, რომ ესაა ქვეყანა, სადაც საუკუნეების წინ არსებობდა კოლხეთის სამეფო, რომელსაც მართავდა მეფე აიეტი, ოქროს საწმისის მფლობელი.
   ბერძნული მითების ერთერთი წარმომადგენელის - აპოლონის ქანდაკება ხდის ქალაქს უფრო საინტერესოს. 
       
  დაუშვებელია იმყოფებოდე ბათუმში და არ მოინახულო ბოტანიკური ბაღი, სადაც მთელი მსოფლიოს ეკზოტიკური მცენარეთა 5,000 სახეობას შეხვდებით. მისი ფართობი 111 ჰექტარია.
   რამდენიმე მილის დაშორებით ქალაქიდან მდებარეობს მწვანე კონცხი - პლაჟი, სადაც ირგვლივ ველური სილამაზეა. მსოფლიოში ბევრია ლამაზი ადგილი, ბევრგან შეიძლება სილამაზის ნახვა, მაგრამ ისეთ სილამაზეს როგორიცაა ბათუმში თქვენ ვერსად ნახავთ სხვაგან.
                                             
წყარო