Friday, January 11, 2013

თ ბ ი ლ ი ს ი

  ამ ქალაქში წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთს ერწყმის... ესაა ქალაქი, რომელსაც უდიდესი ისტორია გააჩნია. 



  ლეგენდის თანახმად ოდესღაც ქალაქის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული. მეფე ვახტანგ გორგასალს აქ ნადირობისას აღმოუჩენია ცხელი სამკურნალო თვისებების მქონე წყალი. მეფეს ძალიან მოსწონებია ადგილი, მისი ბრძანებით ტყე გაუკაფავთ და ქალაქი გაუშენებიათ სახელად კი თბილისი დაურქმევია. „თბილისი“ - 

თბილი“ (ძველ ქართულად “ტფილი“) ჯერ კიდევ ძვ.წ. ათასწლეულში ქალაქის ტერიტორია დასახლებული ყოფილა. საუკუნეების მანძილზე თბილისი წარმოადგენდა სხვადასხვა სახელმწიფოებისა და ხალხების ინტერესის სფეროს. რა იყო ამ ქალაქში ასეთი ორიგინალური და უნიკალური რითაც იპყრობდა და იზიდავდა ის ამ ხალხს?
  აქ ყველაფერია, რაც შეაგრძნობინებს ადამიანს რომ თბილისი უდიდესი კულტურის მქონე ქვეყნის დედაქალაქია. ლამაზი და თვალწარმტაცი, დაუვიწყარი და მიმზიდველია ის წელიწადის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ლამაზია შემოდგომის ნისლში ჩაძირული, ოქროსფერი თბილისი. თითქოს რაღაც ჯადოსნური და ზღაპრული დევს მასში... არა ერთი ქართველი თუ უცხოელი შემოქმედის შთაგონების წყარო გამხდარა თბილისი, შეუძლებელია ჩამოხვიდე ქალაქში და გულში არ ჩაგივარდეს მისი უძველესი ქუჩები, ეკლესიები, ულამაზესი ბაღები...
აქაა ყველაზე წმინდა მთა - მთაწმინდა, რომელიც ამაყად გადმოჰყურებს თავის ქალაქს. ამ ქალაქში შეხვდებით მართმადიდებლურ, კატოლიკურ, სომხურ ეკლესიებს, სინაგოგებსა თუ მეჩეთებს. სწორედ მართმადიდებლურ ეკლესიებში ინახება უამრავი ქრისტიანული სიწმინდე: წმინდა ნინოს ჯვარი, ურწმუნო თომას ქალა და სხვა ... ამ ქალაქში ქრისტიანობისთვის ეწამა ასი ათასი ქართველი მოწამე, შუშანიკ დედოფალი, აბო თბილელი... ცერზე შემდგარი მიმინოსავით გადმოჰყურებს ქალაქს სამების საკათედრო ტაძარი, თავისი სიდიდითა და სილამაზით ის გულგრილს არავის არ ტოვებს. იქვე მთის ქიმზე კი „სდგას ნარიყალა შვებით მზირალი“. მეტეხის ტაძარი, სიონი და ანჩისხატი უძველესი ისტორიის მატარებელი ეკლესიებია.
  ქალაქის მთავარი არტერიას რუსთაველის პროსპექტია. ესაა ადგილი, სადაც ქუჩები მუდამ გადაჭედილია ტრანსპორტით, სადაც სიცოცხლე ჩქეფს. უამრავმა დაწესებულებამ, ცნობილი ბრენდების მაღაზიებმა თუ სასტუმროებმა მოიყარა აქ თავი და მუდამ ხმაურია. განსაკუთრებით სასინტერესოა ძველი თბილისის ქუჩებში სეირნობა, ძველებური სახლები, ქვაფენილით მოკირწლულუ ქუჩები, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილა ძველი სახელოსნოები, საცხობები, სადღაც რომელიღაც ეზოში მაცხოვრებლებიკამათელს აგორებენ, სადღაც კი მაყალზე მწვადს წვავენ და შარაფობენ, სადღაც კი ქუჩის რომელიღაც კუთხეში შენ გესალმება თბილისური დუქანი და მაშინვე გაგონდება რომ ოდესღაც დიდი ფიროსმანი სწორედ ასეთი დუქნებისათვის ქმნიდა თავის ფასდაუდებელ ტილოებს, ქსოვრელები კი აქ დაგატკბობენ საოცარი ჰანგებით.
  ძველ თბილისში მდებარეობს ცნობილი შარდენის ქუჩა, სადაც მრავლადაა სხვადასხვა კაფეები, ბარები და მაღაზიები.
  

დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია საქართველოს ყველა კუთხის საცხოვრებელი სახლის ნიმუში. 
  ყველას უყვარს თავისი ქვეყნის დედაქალაქი, მაგრამ ამ ქალაქის მაცხოვრებლებს განსაკუთრებით და ალბათ ამიტომაცაა რომ თბილისი განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. თბილისში ერთი დღის გატარებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ მან ადამიანს სამუდამოდ შეაყვაროს თავი და დარჩეს მის მეხსიერებაში .

წყარო

No comments:

Post a Comment